Monday, 11 November 2013

იყალტოს ისტორია

XI-XII საუკუნეები ქართული სახელმწიფოს აღმავლობის და გაძლიერების ხანაა. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური აყვავების შედეგად ქვეყანაში დიდად დაწინაურდა კულტურის თითქმის ყველა დარგი, უპირველეს ყოვლისა, ქართული მეცნიერება. საქართველოში მეცნიერება სახელმწიფო პოლიტიკის რანგამდე იყო აყვანილი. ქართველი მეფეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ კულტურულ-საგანმანათლებლო და მეცნიერული კერების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქვეყნის შიგნით ერთ-ერთი ასეთი კერა იყალთოს აკადემიაა. კომპლექსი ისტორიულ წყაროებში IV საუკუნიდან მოიხსენიება. ამასვე ადასტურებს სოფელში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებიც. თავდაპირველად, მოსახლ
ეობა დღევანდელი იყალთოს ზემოთ, მთის კალთებზე იყო დასახლებული, თუმცა, თანდათან, ქვემოთ დაიწყეს ჩასვლა. ახლა კი სოფლის ძირითადი ნაწილი თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის გარშემო ცხოვრობს. იყალთო მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. დღემდე შემორჩენილია 70-ზე მეტი ეკლესიის ნაშთი, კომპლექსიდან მხოლოდ 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობაა, მათ შორის აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია `ღვთაება~ (აგებულია იმ ძველი ეკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი), სამების მცირე ეკლესია, რომელშიც საფუძვლიანი გადაკეთების მიუხედავად, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5მხ9მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი, სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს. VI საუკუნეში 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, ზენონი იყალთოში ჩავიდა და იქ ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ზენონი აქვე მოღვაწეობდა და აქედან დამკვიდრდა მისი სახელიც _ ზენონ იყალთოელი. შემდეგში, ზენონის მიერ აგებული ტაძრის ადგილას ღვთაების ეკლესია აშენდა, მოგვიანებით კი სამონასტრო კომპლექსი შეიქმნა, რომელშიც, ღვთაებასთან ერთად, მის გვერდით აშენებული ყველაწმინდის და სამების ეკლესიები გაერთიანდნენ. დღეს მონასტრის ეზოში, ტაძრების გარდა, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების, მათ შორის იყალთოს აკადემიის და სატრაპეზოს ნანგრევებიც არის შემორჩენილი. სოფელში მრავალი ეკლესიის არსებობა მეტყველებს, რომ ამ ადგილას კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი ყალიბდებოდა. იყალთოს აკადემია IX საუკუნეში დაარსდა, თუმცა არაბთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად არსებობა შეუწყვეტია. XII საუკუნეში კი იყალთოში დავით აღმაშენებლის სახელმწიფო კარის მრჩეველი, სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი არსენ იყალთოელი ჩავიდა და აკადემიის აღდგენა დაიწყო. წარმოშობით იყალთოელი, გვარად მაყაშვილი იყო, წყაროებში ვაჩეს ძედ იხსენიება. მისი თაოსნობით, 1114-20 წლებში იყალთოს აკადემიას ფუნქცია დაუბრუნდა.

No comments:

Post a Comment